"საქართველომ შუა დერეფნის განვითარების პროცესში მხოლოდ სატრანზიტო ფუნქციით არ უნდა შემოიფარგლოს და ქვეყანამ დამატებითი ლოგისტიკური სერვისები უნდა შექმნას, რათა რეგიონული კონტეინერიზაციის ცენტრად იქცეს",- ამის შესახებ ყაზახურ- ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოს ტერიტორიაზე კონტეინერები მხოლოდ გაივლის და დამატებითი მომსახურებები არ შეიქმნება, ქვეყანა შუა დერეფნის სრულ ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს.
სულაბერიძე აღნიშნავს, რომ საქართველო ისტორიულადაც ასრულებდა რეგიონული ცენტრის როლს და დღეს ეს შესაძლებლობა უფრო ფართო – გლობალურ კონტექსტშიც არსებობს, განსაკუთრებით შუა აზიასთან მიმართებით.
„საკონტეინერო გადაზიდვების ეპოქაში ვართ. ბუმიც კი შეიძლება იყოს სარკინიგზო მიმართულებით", - აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.
სულაბერიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს შუა აზიაში ცარიელი კონტეინერების დეფიციტზე და ამბობს, რომ ეს გარემოება საქართველოსთვის შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
„შუა აზიაში ყოველთვის არის ცარიელი კონტეინერების დეფიციტი და ჩვენ ეს კარგი გაგებით უნდა გამოვიყენოთ. საქართველოში უნდა მოხდეს შუააზიური ექსპორტისა და იმპორტის კონტეინერიზაციის და დეკონტეინერიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა", - აცხადებს ლევან სულაბერიძე.
მისი შეფასებით, თუ საქართველო შექმნის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებს, ქვეყანა შუა დერეფნიდან ბევრად მეტ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
"ჩვენ უფრო მეტი სარგებელი რომ მივიღოთ შუა დერეფნის არსებობიდან ჩვენს ტერიტორიაზე, მეტი სერვისები უნდა შევქმნათ და კონტეინერიზაციის ჰაბად უნდა ვიქცეთ ერთხელ და სამუდამოდ", - განაცხადა ლევან სულაბერიძემ "ბიზნესპარტნიორის ღამის ეთერში".